სკოლის ისტორია

1995 წელია.  ქვეყანა ის–ის იყო გამოდიოდა სამოქალაქო ომიდან.  ქ. წალენჯიხაში არასახელმწიფო  საერო სკოლა ,,ქიაჩი“ დაარსდა.

არა თუ კერძო,  სახელმწიფო სკოლებისადმი სახელმწიფოს თანადგომა უმნიშვნელო იყო.

ასეთ პერიოდში არასახელმწიფო სკოლის დაარსება დიდ რისკებს შეიცავდა. შეიძლებოდა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მასწავლებელთათვის ხელფასი ვერ გადაგეხადა, სწავლებისა და სწავლისთვის რესურსები ვერ მოგეძია , ვერ მოგეზიდა პროფესიონალი მასწავლებლები…

მაინც გაბედეს.  ენთუზიაზმის, საქმისადმი და ახალგაზრდებისადმი სიყვარულის იმედი ჰქონდათ.

გამოუვიდათ!

სკოლა ,,ქიაჩი“ თავისი არსებობის მე–20 წელს ითვლის.

სკოლაში მთავარი ფიგურა მოსწავლე და მასწავლებელია.

მიზნებთან გასვლა სწორედ მასწავლებლების ძალისხმევით ხდება.

სულ 25 პედაგოგია.  ამათგან სერტიფიცირებულია  8,  ზოგი ორ–ორ საგანშიცაა სერთიფიცირებული. ზოგი რაღაც მიზეზების გამო დარჩა ამ წოდების მიღმა, მაგრამ  ეს სულაც არ უშლით ხელს, იყონ თავიანთი საგნების ღრმად მცოდნენი, მეთოდებს დაუფლებულნი, ნიჭიერნი, შედეგიანნი.

აი ისინიც:

შანავა ნატალია,  გახარია ასმათ,  ადონია მარინე,  ეფსია ლელა,  ეფსია ზეინაბ, ეფსია ეკატერინე, ვეკუა ელისო, ეფსია ევა, ევსია ნინო,  კვარაცხელია ასმათ, კვარაცხელია მარინე, კვარაცხელია ქეთო, მიქავა ლარისა, რატია ინგა, უბილავა ზოია, შელია ნანა, ზარქუა ინგა, მიქავა ნინო, სარია ნუნუ,  ლუკავა თამუნა, ბაძაღუა სოფიკო, ჯიქია შორენა,  კვარაცხელია ლუიზა, მებონია ეკატერინე, ზარქუა მაია, კვარაცხელია ჯაბა, ღვინჯილია ნანა.

სკოლის დირექცია მუდამ ცდილობდა, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც ყველას ექნებოდა სურვილი, ემუშავა და ესწავლა უკეთესად.

ასეთი გარემოს შექმნა მხოლოდ სიყვარულს შეეძლო.

ჩვენთან მოსწავლე– მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულებას გულწრფელი ადამიანური სიყვარული და პატივისცემა წარმართავს.  ამით მასწავლებლები ადვილად ახერხებენ თავისკენ წამოიყვანონ მოზარდები, შეაყვარონ საგანი და ზოგადად წიგნი.

ორიენტირება კი მუდამ ხარისხიანი აღზრდა– სწავლება–სწავლისკენ იყო მიმართული.

 

***

მიმდინარეობს მათემატიკის, ქართული ენის, ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლება. ეს ხორციელდება საგაკვეთილო პროცესზე მცირერიცხოვან მოსწავლეთა კონტიგენტთან მუშაობით, პროგრამის შესასწავლად გათვალისწინებულ დროზე საათების დამატებით, დამხმარე სახელმძღვანელოების  გამოყენებით. შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს საგნობრივი კვირეულები. სკოლას აქვს გაწერილი გეგმა, რომელმა საგანმა სასწავლო წლის რომელ დროს ჩაატაროს იგი. საგნობრივი კვირეულები ტარდება ისტორია–გეოგრაფიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხო ენებში. კვირეულის ფარგლებში ეწყობა დაწყებითის მოსწავლეებისთვის ,,იაკობობა“. კვირეულები ყოვლისმომცველ კლასგარეშე აქტივობებს გვთავაზობს: ტესტირებები, სამოდელო გაკვეთილები, თემატიკური გამოფენა, მიზნობრივი ექსკურსია, შიდასასკოლო კონფერენცია, შეჯამება (მოსწავლეთა რეიტინგების დადგენა და ოცეულის ექსკურსიით დაჯილდოვება).

 

 

***

 

დღის გახანგრძლივებული ჯგუფები I, II, III  კლასებში დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებაა და უფასოდ შევთავაზეთ მშობლებს.

ჩავთვალეთ, რომ სკოლას ჰქონდა საამისო გარემო (სასადილო, ჰიგიენური წერტილები, დასვენებისა და სწავლის პირობები), დღის მეორე ნახევარში ჩაგვეტარებინა მოსწავლე–მშობლებისათვის მეტად სასარგებლო აქტივობა.

უკვე მერამდენე წელია ამ მიმართულებითაც მუშაობს სკოლა.

საგაკვეთილო პროცესში წარმართულ მუშაობას აღრმავებს დღის გახანგრძლივებულ ჯგუფებში მეცადინეობა და მოსწავლე–მასწავლებლებს აქვთ შესაბამისი შედეგებიც: ზ. ეფსიას კლასში ათი მოსწავლეა. სასწავლო ოლიმპიადებში იმარჯვებს 6–7 მოსწავლე. ლ. ეფსია 12 მოსწავლეს ასწავლის, იმარჯვებს 7–8 მოსწავლე. შ. ჯიქიას შარშან 4 მოსწავლე ჰყავდა, ოთხივე იმარჯვებდა (წელს იგი პირველ კლასს ასწავლის).

სკოლაში ხორციელდება პროექტები, რომლებსაც უშუალოდ დირექტორი კურირებს:

 

  1. ჩვენ ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს“.

სკოლა ,,ქიაჩმა“ ფეხი აუწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ დათო ტურაშვილის ინიციატივას–17 ივნისი ყოფილიყო ,,ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღე.

ეს რამდენიმე წელია გრძელდება და უკვე ტრადიციად იქცა.

,,ვეფხისტყაოსნის“ კითხვას, ბუნებრივია, წინ უძღვის წიგნის ხელში აღების, კითხვის ტექნიკის დახვეწის, გააზრების, დაფიქრების  პერიოდი. ეს არის საკმაოდ დიდი პერიოდის ღწვა და შრომა, 17 ივნისამდე გაწეული.

17 ივნისს არის საოცარი მღელვარება… მოსწავლეები დაწყებითი კლასების ჩართვით, კითხულობენ ამ დიდებული პოემიდან უკვდავ სტრიქონებს, კითხულობენ გრძნობით, ზოგჯერ ჩუმად და ხმის კანკალით, მკაფიოდ და შთამბეჭდავად იმის გააზრებით, რომ ,,უგულო კაცი ვერ კაცობს, ღმრთისაგან განაკიდია“.

კითხულობს ყველა–მასპინძელი და სტუმარი…

სრულდება დღე და ერთმანეთს ვემშვიდობებით მომავალ კითხვამდე!

 

  1. ჩვენ ვირჩევთ სპიკერს

პრეოექტს მიზნად დავუსახეთ, გამოგვევლინა მოაზროვნე მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ აზრს მსმენელამდე ლაკონურად და დასაბუთებულად მიიტანდნენ.

პროექტი ექვს ტურს ითვალისწინებდა. თითოეული ტური სხვადასხვა თემას ეძღვნებოდა. ყოველ ტურს ტოვებდა თითო მონაწილე. ბოლო დასკვნით ტურში ხუთი მონაწილე რჩებოდა, საიდანაც გამოიკვეთებოდა I,II,III ადგილზე გასულები.

მონაწილეებს ჰყავდათ მენტორ– მასწავლებლები. მათ თავიანთ მოსწავლეებს ასწავლეს, რა არის საჭირო კარგი გამოსვლისათვის და რა უნდა გაითვალისწინონ თითოეული სიტყვის წარმოთქმის დროს,რადგან სიტყვები უფრო მეტია,ვიდრე ასოთა შეერთება.

შესთავაზეს რჩევები: ყოფილიყვნენ თავდაჯერებულნი,რადგან შენ თუ მერყეობ და არ გჯერა, სხვას ვერ დააჯერებ; სათქმელი გადმოეცათ მოკლედ,ლაკონურად,დასაბუთებულად; დაუფლებოდნენ აუდიტორიასთან ურთიერთობას. უნდა აგრძნობინო მსმენელს,რომ შენ სწორედ თითოეულ მათგანს ესაუბრები და აშ.

პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა IX კლასელი მაგდა ხარჩილავა, II  სეზონისა – XI კლასელი მარიამ ქარაია.

პროექტის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის ბიბლიოთეკარს თეა ხარჩილავას.

სპიკერს სკოლა შემოდგომაზე მასპინძლობდა.იგი ორჯერ ჩატარდა. წელს ვერ მოვახერხეთ მასზე მუშაობა. გაზაფხულიც გადატვირთული გვაქვს.ეს პროექტი იმდენ უნარ–ჩვევებს ავითარებს,რომ დასანანია მასზე უარის თქმა. არც ვაპირებთ! მომავალ შემოდგომაზე იგი აუცილებლად განახლდება.

 

  1. მეთოდური პროექტი დაწყებითის მასწავლებელთათვის.

ეს პროექტი ზოგადად მასწავლებელთა მეთოდურ დახელოვნებას გულისხმობს,რა თქმა უნდა, საგნობრივი კათედრების მუშაობის პარალელურად,კერძოდ,აღრმავებს კათედრების მუშაობას.

ამჯერად დაწყებითის მასწავლებელთათვის შეირჩა თემა–,,კითხვის ეფექტური მეთოდები“.

თემის შერჩევა განაპირობა იმან,რომ ეფექტური კითხვის უნარი პრაქტიკულად ყველა საგანში სწავლის აკადემიური წარმატების ფუნდამენტია.

პროექტი ექვს ძირითად მეთოდს შეიცავს და მთელი სასწავლო წლის მანძილზე მიზანმიმართულად და ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა კითხვითი უნარ–ჩვევების საგრძნობლად გაუმჯობესება.

კონტიგენტია დაწყებითის საფეხურის მასწავლებლები და მოსწავლეები.

მომავალ სასწავლო წლისთვის შეიცვლება თემაც და კონტიგენტიც.

 

4. დამატებითი  საგანმანათლებლო   მომსახურება–საგნობრივი  წრეები.

რამდენიმე   წელია სკოლაში  ნიჭიერ  მოსწავლეთათვის  მუშაობს  საგნობრივი  წრეები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა  და   ხელოვნებაში,   ბიოლოგიაში,                    ქიმიაში,   მათემატიკაში,  ფიზიკაში.

ამ   მომსახურებას კვირაში ერთხელ ორი ასაკობრივი ჯგუფი ღებულობს.

მიზანია საგნის სიღრმეებში გასვლა.

ეს ასაკობრივი ჯგუფები სემესტრის ბოლოს მუშაობას აჯამებენ ინტელექტუალური თამაშით ,,რა? სად? როდის?“

 

***

სკოლის მოსწავლეების მოტივაციისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციები და ოლიმპიადები.

ამ გზის გავლით ისინი საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან,იყალიბებენ თვითშეფასებას    და შემდგომი წინსვლისთვის ემზადებიან.

მოსწავლეები ჩართულნი არიან ეროვნულ,კინგსის,  ლონდონ სქულის ოლომპიადებში. შარშანდელი შედეგებით ყველა სახის ოლიმპიადაში მონაწილეობდა  64  მოსწავლე.   შეგახსენებთ, სკოლაში 140 მოსწავლეა…

I, II, III   ხარისხის დიპლომები მოიპოვა 19–მა მოსწავლემ.რეგიონში პირველ მოსწავლედ დასახელდნენ  გიორგი ზარანდია (XI კლასი.მათემატიკა.მასწავლებელი ქ.კვარაცხელია), საბა კალანდია ( VI კლასი. მათემატიკა. მასწავლებელი ქ.კვარაცხელია), ტატო ჭანტურია (VII კლასი.მათემატიკა. მასწავლებელი ქ.კვარაცხელია), დავით კვარაცხელია (VII კლასი. ინგლისური.მასწავლებელი ე. მებონია).

ამ მიმართულებით წლევანდელი მარათონი ადრე შემოდგომაზე დაიწყო. ზოგიერთები ეთიშებიან ტურებს,ზოგიერთები აგრძელებენ წინსვლას. დაველოდებით  შედეგებს.

შარშანდელი მონაცემებით სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში წარმატებულად მონაწილეობდნენ  გეოგრაფიის მასწავლებელ   ნ. ევსიას მოსწავლეები: გვანცა კვარაცხელია  (VIII კლასი), მარიამ შანავა  (VIII კლასი), სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადაში ლევან აფაქიძე  (XII კლასი).

 

***

 

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორია–გეოგრაფიის, მათემატიკის, უცხო ენების, დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკის საგნობრივი კათედრები.

მათი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია გამოცდილებათა  გაზიარება,პრობლემების        გამოკვეთა და გადაჭრის გზების ძიება,საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა,სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა,პედაგოგიური პრესის განხილვა.

ყოველი კათედრა თავისი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხავა მეთოდურ აქტივობებს.

გამოვყოფ ბოლო დროს ჩატარებულ ისტორია–გეოგრაფიის კვირეულის ერთ–ერთ სამოდელო  გაკვეთილს. ეს იყო ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია–გეოგრაფია–ხელოვნებაში(მასწავლებლები ნ.ევსია ,მ.ადონია) თემაზე –იუნესკოს როლი და მნიშვნელობა მსოფლიოს ქვეყნების საერთაშორისო ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პრეზენტაციები იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე ძეგლზე, განსაზღვრეს ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების ადგილმდებარეობა რუკაზე,სხვადასხვა წყაროდან მოიპოვეს ინფორმაცია,დაახარისხეს,დაამუშავეს და გაანალიზეს იგი არგუმენტებით იმსჯელეს პრობლემებზე–ამოეღოთ თუ არა ბაგრატის  ტაძარი იუნესკოს მემკვიდრეობის სიიდან!

ჩვენს სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ძირითადად დამოკიდებულია ზემოთ ჩამოთვლილი საგნობრივი კათედრების მუშაობაზე, რადგან სახელმწიფო არასახელმწიფო სკოლების მასწავლებელთა პროფესიულ დახელოვნებაზე არ ზრუნავს.უბრალოდ, არ გვიშვებს საჯარო სკოლების მასწავლებელთათვის ჩატარებულ ტრენინგებზე.

ასეთ მიდგომას მტკივნეულად განვიცდით.ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტებს და სულ ძიებაში ვართ…

 

 

***

სკოლას ჰყავს კურსდამთავრებული ოთხი მედალოსანი და მედლის ექვსი კანდიდატი.

ეს რიცხვი მეტი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა: ჩვენთან იზრდებიან მედლის კანდიდატები და მე–12 კლასში  სხვა სკოლაში გადადიან. მიზეზად მიგვაჩნია ის, რომ მე–12 კლასელებს საჯარო სკოლებში დროის მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ჩვენთან.

ასე რომ ჩვენი შედეგები ზოგჯერ საჯარო სკოლაში ფორმდება.

***

სკოლა ,,ქიაჩში“ სააღმზრდელო პროცესის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოსწავლეთა თვითმმართველობაა. ,,ქიაჩელები“ უდავოდ შეიძლება დავაყენოთ მათ გვერდით, ვინც დამოუკიდებლად ხვეწდა და აყალიბებდა მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურას, მისი ეფექტური ფუნქციონირების უმნიშვნელო დეტალებსაც კი. როცა ქვეყნის მასშტაბით სკოლის თვითმმართველობებზე ალაპარაკდნენ,  ,,ქიაჩის“ მოსწავლეთა თვითმმართველობა, როგორც გამართული, მოქმედი სტრუქტურული რგოლი, აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.

ინტერესთა საერთო სფეროს გათვალისწინებით მოსწავლეები გაერთიანდნენ სხვადასხვა კლუბებში:

  • პრეს კლუბი
  • სპორტისა და ტურიზმის კლუბი
  • კლუბი ‘’თანადგომა“
  • სალონი  ,,ქიაჩელები“
  • მწვანეთა კლუბი

 

თითოეულ კლუბს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც კლასის წევრებთან ერთად ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სკოლის მასშტაბით თუ მის გარეთ.

პრესკლუბის უდიდესი ძალისხმევით მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს თავს უყრიან სასკოლო ცხოვრების ამსახველ საინტერესო მასალას და გამოსცემენ ხელნაწერ ჟურნალ ,,საბუდარს“.  ,,საბუდარი“  ჩვენი სიამაყეა, უკვე მე–17 ნომერზე ვმუშაობთ, ყოველწლიურად თითო ნომერი მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციაზე  I ხარისხის დიპლომით ჯილდოვდება.

კლუბი ,,თანადგომა“ აწყობს საქველმოქმედო აქციებს. ყველა კლასი (წელიწადში ერთი–ორჯერ) ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პირველ ივნისს ეწყობა მოსწავლეთა მიერ მომზადებული კულინარული ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხით კი ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

შეხვედრების სალონი უძღვება საღამოების ორგანიზებას, რომელიც ორი მიმართულებით მიმდინარეობს:  საინტერესო სტუმრების მოწვევა და ლიტერატურული საღამოების გამართვა. მაგ. გასულ წელს მოიწვიეს მეგრული ენის დიდი ქომაგი, ღვაწლმოსილი ადამიანი, ბატონი მამანტ ძაძამია.

სააღმზრდელო  ცხოვრების ერთ–ერთ უბანს თვალ–ყურს  ადევნებს მონიტორინგის ჯგუფი ,,ბაირაღი“ კვირაში ერთხელ ხვდება საკლასო ოთახების, ინვენტარის დათვალიერება, სასკოლო დღიურებისა და კლასის ცხოვრების დღიურების შემოწმება. სასწავლო წლის ბოლოს გამარჯვებული კლასი ჯილდოვდება უფასო ექსკურსიით.

სასწავლო წლის დასრულებისას სკოლაში იმართება ლამაზი, საინტერესო ღონისძიებები: პირველკლასელები დედა–ენას ლამაზ საღამოს უძღვნიან, მესამეკლასელები დამრიგებელს ემშვიდობებიან, ხოლო მეთორმეტე კლასელები – საყვარელ სკოლას. ,,ქიაჩელებს“ კი საოცარი სიყვარული შეუძლიათ. ალბათ, ეს სიყვარული აძლებინებს და გადაარჩენს ამ პატარა სკოლას.

 

***

 

ჩვენ, მოგეხსენებათ, შპს არასახელმწიფო სკოლა ვართ. სახელმწიფო ჩვენი სტატუსის მქონე სკოლის მოსწავლეს 25 ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს, საჯარო სკოლისას – 50 ლარიანი ვაუჩერით. თითქოს შპს არასახელმწიფო სკოლის აღსაზრდელები ამ ქვეყნის შვილები არ იყვნენ. სახელმწიფოს, ალბათ, მიჩნია, რომ როგორც დიდი ქალაქების კერძო სკოლებში, რეგიონის კერძო სკოლებშიც თანხები გადასახადების სახით სკმაოდ შემოედინება.

რეგიონებში ხელშესახებად ჩანს მოქალაქთა მძიმე სოციალური ყოფა, რაც კატეგორიულად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადასახადი გაიზარდოს.

პირიქით კი ხდება: ჩვენთან გადასახადი ოჯახიდან ერთ შვილზე 50 ლარია, ორ შვილზე 40–40 ლარი, სამ შვილზე 30–30 ლარი. შეღავათები ვრცელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებზე, ლტოლვილებზე, ჩვენი სკოლის მასწავლებელთა შვილებზე.

სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. შემოსული თანხა გავყავით 140–ზე და გადასახადმა საშუალოდ შეადგინა 35 ლარი.

პედაგოგებისთვის გამჭვირვალეა ეს მონაცემები, ისინი ჯერდებიან ჩვენი სკოლის სიმბოლურ შემოსავლებს. მათ ხომ საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შედარებით დაბალი ხელფასები აქვთ. მიუხედავად ამისა, არ ნელდება სიყვარულის მუხტი, რითაც სკოლის მასწავლებლები ეკიდებიან თავიანთ საქმეს. დაუფასებელია მათი შრომა და ღვაწლი, ენთუზიაზმი და ენერგია. დიახაც ისინი (წერილის დასაწყისში სახელითა და გვარით გაგაცანით!) ღირსეული მასწავლებლები არიან!

 

 

 

***

 

სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ირიცხებოდა უმაღლეს სასწავლებლებში. გვყავს გრანტებით ჩარიცხულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა.

სკოლა დღემდე დაამთავრა 244–მა ახალგაზრდამ.

გვიხარია მარიამ და ირაკლი შელიების, გიორგი სალიას, გიორგი თვალთვაძის, სალომე კვარაცხელიას,გოგა და  გიორგი ჩანგელიების, ნინო ზარქუას, სულხან სრიას, რამაზ კვარაცხელიას, ჯაბა და ნანა კვარაცხელიების, ირაკლი შელიას, სალომე მებონიას, ეკა, სოფო გოგოხიების ლანა და ანდფრია ცანავების, სოფიკო და მარი სალიების, თამთა კვარაცხელიას, ნიკა ქვარცხავას წარმატებები.

მათ შორის რამაზ კვარაცხელია 30 წლის ასაკში უკვე იყო სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი.

 

***

სკოლა ,,ქიაჩის“ ბიოგრაფია ჩვენი გაჭირვებული ხალხის ისტორიასა ჰგავს.

დაარსდა მაშინ, როცა არ იყო შუქი, თავისუფლებას გრძნობდა კრიმინალი, არ მუშაობდა მოქალაქეთა უმრავლესობა.

ჩვენ, ერთ გაურემონტებელ შენობაში შეყუჟულები, სიყვარულით ვასწავლიდით  ბავშვებს.

ცხოვრების გაუმჯობესების იმედით გადავედით უკეთეს შენობაში.

ყოფა ნელ–ნელა იცვლებოდა. მივიღეთ შუქი, გზა, კრიმინალი დამშვიდდა, მაგრამ მოქალაქეთა სოვიალური ფონი მძიმედ თუ იძროდა ადგილიდან.

იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და ჩვენც გვჯეროდა, რომ გადავრჩებოდით.

დადგა 2011 წელი. ამ დროისთვის ყოფილი სასამართლოს შენობა უკვე ამოსყიდული გვაქვს სკოლისთვის, რემონტი დაწყებულია მაგრამ არაა დამთავრებული.

ავტორიზაციამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და გაგვიუქმა სტატუსი.

თითქოს ჩავიმუხლეთ!…

რამდენიმე თვეში შევძელით რემონტის დასრულება, თანამედროვე დგამ–ავეჯის შეძენა, კომპიუტერული კაბინეტის შექმნა, ეზო–გარემოს მოწესრიგება, უსაფრთხო სკოლისთვის წაყენებული პირობების (ვიდეოთვალი, მანდატური) დაკმაყოფილება

… და 2012 წლის 19 იანვარს აღვიდგინეთ სტატუსი.

წამოვდექით!

რომ არა ჩემი ოჯახი, სკოლა ვერ შეძლებდა მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შექმნას.

რომ არა გულისხმიერი ადამიანები, ვერ შევინარჩუნებდით იმედს, მებრძოლ განწყობას.

მადლიერების გრძნობით ვათბობთ ჯონი ჩანგელიას, გია კვარაცხელიას, ძმებ დათო და მერაბ ჩანგელიებს, გივი და გია ხარჩილავებს, მზია უბილავას და მის ქალიშვილს, ნანა კვარაცხელიას, კოტე ჩიქობავას, ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომლებიც საჭიროებისას მუდამ ჩვენს გვერდით არიან!

სოციალური ფონი, რომლის გამოკეთების იმედითაც ვიბრძოდით, ჯერ კიდევ მძიმეა.

ეს, რა თქმა უნდა, სკოლაზეც აისახება, მაგრამ უკვე გვაქვს საკუთარი ჭერი და ფუძე; ვართ საქმეზე შეყვარებული პედაგოგები; გვყავს აღსაზრდელთა კონტიგენტი და გვჯერა, რომ ისტორია გაგრძელდება.